ერთი გარდაცვლილი და 10 დაშავებული - ასეთია უბედური შემთხვევის შედეგები ხარაგაულში. სოფელ ვერტყვიჭალაში რკინის კონსტრუქცია რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტები უკვე მუშაობენ, წინასწარი ვარაუდით კი ყველაფერი დიდთოვლობამ გამოიწვია.
სამძებრო ღონისძიება უკვე დასრულებულია, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქეა.
სოფელ ვერტყვიჭალაში მომხდარი შემთხვევის გარდა, დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა რიკოთის უღელტეხილზე. რამდენიმე საათით გაჩერებული იყო გადაადგილება ავტომაგისტრალზე. ადგილზე სპეც ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს.
რიკოთის უღელტეხილი, სამცხე ჯავახეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი - დიდთოვლობამ ამ რეგიონებში პრობლემები შექმნა. შეზღუდვებია გზებზე, მაღალმთიან სოფლებში კი თოვლის საფარი მეტრს აღწევს.
ძლიერი თოვა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში დღეს დილიდან დაიწყო. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ავტო საგზაო შემთხვევას, არავინ დაშავებულა.