20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
პარალიზებული მაგისტრალები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა

დიდთოვლობის გამო, რიკოთის გვირაბთან მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. ნისლმა, გზაზე ხილვადობა შეამცირა, რამაც ავტომობილების რამდენიმეკილოტრიანი საცობი გამოიწვია.


მაღალმთიანი აჭარის სოფლებში კი, თოვლის საფარმა, 1 მეტრს მიაღწია. ხულოში, შუახევსა და ქედაში - დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს, ამ დრომდე ებრძვიან. მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ქობულეთში, ძლიერმა ქარმა 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ეზოში მდგომი მსუბუქი ავტომობილი. მოსახლეობის ნაწილს დილიდან შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება.

უხვი ნალექის გამო, გზაზე მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთშიც. ათობით სატვირთო ავტომობილი ახალციხის შესასვლელთანაა გაჩერებული. მძღოლებს გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ. გზაზე, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

ქვეყნის მასშტაბით, მთავარ საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებზე შეზღუდვები დაწესდა. გზის გარკვეულ მონაკვეთებში აკრძალულია გადაადგილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექი და დაბალი ტემპერატურა სინოპტიკოსების ვარაუდით კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ტემპერატურის ვარდნა დასავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში თვის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები