20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
კულტურის სამინისტროს გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი გადაეცა

კულტურის სამინისტროს, გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი გადაეცა.

არქივი სამინისტროს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის მთავარმა კურატორმა, თამილა ცაგარეიშვილმა გადასცა, რომელიც ათეული წლების მანძილზე პატრონობდა და ინახავდა მას. ცაგარეიშვილს სამინისტროში, კულტურის მინისტრმა, უმასპინძლა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოხდება არქივის ინვენტარიზაცია და სამეცნიერო დამუშავება, რის შემდეგაც ის დაცულ პირობებში დაუბრუნდება ეთნოგრაფიულ მუზეუმს.


"მინდა მადლობა გადავუხადო, თამილა ცაგარეიშვილს ჩემი თხოვნის დადებითად გადაწყვეტისთვის და იმისთვის, რომ მრავალი წლის მანძილზე, როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირდა, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, მან უპატრონა ამ არქივს და დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა ვთქვათ, რომ გიორგი ჩიტაიას არქივი კვლავ სახელმწიფოს ხელშია," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი, მოიცავს 1920-1980 წლებში, მის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ და დამუშავებულ მასალას.

საარქივო მასალები მოიცავს, არაერთ ფასდაუდებელ ცნობას და მეცნიერული კვლევის შედეგს, მათ შორის - "აჭარისტანში პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის" და სვანეთსა და ხევსურეთში მოწყობილი ექსპედიციების ამსახველ მასალებს,  ექსპედიციებში მონაწილე მხატვრების ჩანახატებს, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ატლასს, 1950 წლის დოკუმენტურ ფირს, სვანეთის შესახებ, რომელიც აკადემიკოსმა, ალექსანდრე რობაქიძემ შესწირა მუზეუმს; პირად დღიურებსა და ჩანაწერებს, ასევე, პირად წერილებს და ა.შ.

გიორგი ჩიტაია, პირველი თანამედროვე ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი და არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კერის შემქმნელია.

1940 წელს, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა ეთნოგრაფიის კათედრა და პირველი სალექციო კურსი ზოგად ეთნოგრაფიაში.

მეცნიერის სახელს უკავშირდება, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ეთნოგრაფიული განყოფილების შექმნაც და სამეცნიერო ეთნოგრაფიული ცენტრის დაარსება.

გიორგი ჩიტაიას, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც მეცნიერის ავტორობით ხუთტომეულით არის გამოცემული. 30 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, ეთნოგრაფთა და არქიტექტორთა საველე კვლევითი, თეორიულ - პრაქტიკული სამუშაოები და საგანმანათლებლო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ასევე, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელს უკავშირდება, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსება, მუზეუმის სტრუქტურისა და დაგეგმარების შემუშავება.

ეთნოგრაფიული მუზეუმი 1987 წლიდან, გიორგი ჩიტაიას სახელს ატარებს.

დღის ამბები