დავით აღმაშენებლის პერიოდში მოჭრილი მონეტა, რომელიც სუსმა აღმოაჩინა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უკვე გამოიფინა. მონეტა 1118 წელს არის მოჭრილი და მასზე თავად მეფე დავით აღმაშენებელია გამოსახული.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მონეტა უკვე გამოიკვლიეს როგორც ულტრათანამედროვე, ისე ტრადიციული მეთოდებით.
"საახალწლო საჩუქარი მივიღეთ დღეს - ეს გახლავთ ისტორიული მონეტა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და ზოგადად, მეცნიერებისთვის. ამ მონეტაზე შესაძლებელი გახდა ჩატარებულიყო თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევები, ასევე, ტრადიციული მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დავით აღმაშენებლის დროს მოჭრილი მონეტა გახლავთ, ეტალონური,"- აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.
ნუმიზმატ მაია პატარიძის განცხადებით, მონეტაზე დავით აღმაშენებელია გამოსახული და წარწერაც აქვს.
"ეს არის მონეტა, რომელზეც თავად მეფეა გამოსახული, გამოსახულია ის საიმპერატორო ინსიგნიებით, ყველა ინსიგნია გვაქვს სახეზე. რაც ყველაზე მთავარია, მასზე არის ძალიან მედიდური წარწერა - ქრისტე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა,"- აცხადებს ნუმიზმატი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაპოვნია დავით აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინა. სპილენძისგან დამზადებული მონეტა ორიგინალია, ღირებულება კი შეუფასებელი.
კერძო პირი ონლაინ რეჟიმში ე.წ. შავ ბაზარზე ცდილობდა მონეტის გასხვისებას, რაც სუსმა აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც ლონდონშია დაცული.