კახეთში მთავარი ნაძვის ხე აინთო. 2022 წელს თელავი განსაკუთრებულად ხვდება. საახალწლო კონცერტისთვის სცენა აწყობილია, სადაც დღეს ადგილობრივ მომღერლებთან ერთად, სხვა მუსიკოსებიც მონაწილეობენ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში უკვე მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები. რეგიონებში განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს, თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარებული ყველა საახალწლო კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება. თითოეული ღონისძიება კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
ზღაპრის გმირები, საახალწლო ბაზრობა, ხის ქოხები და თოვლი - სვანეთში ნამდვილი საახალწლო განწყობაა. მესტიაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში არაერთი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.
დღესასწაულია იმერეთშიც. სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებთან ერთად, საღამოს საახალწლო კონცერტი, კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
საახალწლო კონცერტები გრძელდება. დაგეგმილი პროგრამის მიხედვით, შემდეგი ღონისძიება ხვალ სამ ლოკაციაზე გაიმართება. ოზურგეთი, ნინოწმინდა და ქარელი ხვალ მთავარ ნაძვის ხეს აანთებს და ახალ, 2022 წელს იზეიმებს.