"ომიკრონი" უკვე 100-ზე მეტ სახელმწიფოშია. კორონავირუსი დაუდასტურდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესაც. სტამბულის საპატრიარქოს ინფორმაციით, დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და 81 წლის პატრიარქი თავს ცუდად არ გრძნობს. მსოფლიო ეკლესიის მეთაური მრევლს აცრისა და კოვიდრეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.
ბოლო ერთი კვირაა, კოვიდს ლონდონში მცხოვრები ყოველი მე-20 ადამიანი ებრძვის. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში, 7 დღის განმავლობაში, ერთდროულად 1,7 მილიონი ინფიცირებული იყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ომიკრონის დასაძლევად, ბრიტანელებს მეოთხე დოზით აცრა მოუწევთ.
ომიკრონის შესაკავებლად, საზღვრები დაკეტილი აქვს ისრაელს. ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო, საავადმყოფოები გადატვირთვის საშიშროების წინაშეა. აცრის მეოთხე დოზის შემოღებაზე, ისრაელშიც მსჯელობენ.
ინფექციის სწარაფად გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით ავიარეისი გადაიდო. სხვა მსხვილმა ავიაკომპანიებს შორის, ეს გადაწყვეტილება ლუფტჰანზამ, დელტამ და United Airline-მაც მიიღო.
"ომიკრონის" ვარიანტის გავრცელების გამო, სამედიცინო პერსონალის შესაძლო დეფიციტის თავიდან ასაცილებლაად, ჯანდაცვის მუშაკებისთვის შეერთებული შტატები საკარანტინე პერიოდს ამცირებს. ახალ რეგულაციების თანახმად, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ ჯანდაცვის მუშაკებს სამსახურში დაბრუნება შვიდი დღის შემდეგ შეუძლიათ, თუ მათ სიმპტომები არ აქვთ და კოვიდ ტესტის პასუხი უარყოფითია.