ახალი წლის პერიოდში, მაშინ, როდესაც ოჯახებში საკვებისა და ნუგბარის განსაკუთრებით მრავალფეროვანი არჩევანია, საჭიროა ბავშვები სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციისგან დავიცვათ. ძირითადად სწორედ ამ პერიოდში ხდება მოწამვლა და შესაძლოა ეს მძიმე ფორმებშიც გამოვლინდეს.
პედიატრი ანა მაღრაძე "რუსთავი 2-თან" სწორედ ამ თემაზე საუბრობს და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს, რომელიც ამ პერიოდში უნდა გაითვალისწინონ:
- რამდენად ხშირია ახალი წლის პერიოდში საკვებით ინტოქსიკაცია ბავშვებში და რას ურჩევდით მშობლებს?
"საკვებისმიერი ინტოქსიკაცია ბავშვებში ძირითადად ახალი წლის პერიოდსა და აღდგომის პერიოდს უკავშირდება. ამ დროს ბავშვები ხშირად უყურადღებოდ რჩებიან ხოლმე.
ეს უკავშირდება ქართულ ტრადიციული კერძებს, რომელსაც ახალ წელს ვამზადებთ. ვიცით, რომ ჩვენ მოსანელებლად მძიმე სამზარეულო გვაქვს, რომელიც ბევრ ნიგოზს და ბევრ ცხიმს შეიცავს. არა თუ ბავშვს, არამედ დიდსაც უჭირს ამ საკვების გადამუშავება. შემდგომში კი, ხშირად გამოიხატება მოწამვლის კლინიკა.
ბავშვებს ამ დროს ეწყებათ მუცლის ტკივილი, მივარდნილობა, დიარეა, შეიძლება მას თან დაერთოს ტემპერატურაც. სწორედ აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვების კვებას, ისინი არ უნდა ამოვარდნენ ჩვეული რეჟიმიდან. საკვები, რომელიც ბავშვს აქამდე არ ჰქონდა მიღებული, არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ახალ წელს მიიღოს. ვგულისხმობ იგივე გოზინაყს, ჩურჩხელას, საცივს და ა.შ.
არის საკვები, რომელიც ბავშვმა კონკრეტულ ასაკში უნდა მიიღოს. ეს ეხება ასევე ტკბილეულის გადაჭარბებულად მიღებას, ამ დროს ბავშვებში შესაძლოა, გარკვეული ალერგიული რეაქციები აღინიშნოს, რამაც, არ არის გამორიცხული ფატალურ შედეგამდეც მიგვიყვანოს, თუ ეს კონტროლირებული არ იქნება.
ჩვენი რეკომენდაციაა მშობლებთან, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ ბავშვების მენიუ განსაკუთრებით კი, ახალი წლის პერიოდში,"- განუცხადა "რუსთავი 2-ს" პედიატრმა.