პიროტექნიკა, შინაური ცხოველები და სტრესი, რომელსაც საახალწლო ფოიერვერკი ოთხფეხა მეგობრებში იწვევს - ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. სადღესასწაულო განწყობას კი, 31 დეკემბრის ღამეს, ჩვენს ქვეყანაში თან სდევს სხვადასხვა სახის პიროტექნიკის გაშვებით გამოწვეული ხმაური, ხშირ შემთხვევაში ზედოზირებითაც კი.
ახალი წლის აღნიშვნისას ცოტა თუ ითვალისწინებს, რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკის აქტიურ და წესების გარეშე გამოყენებას ზოგადად, ადამიანებშიც და ცხოველებშიც, თუმცა დღეს აქ მხოლოდ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე გიყვებით.
შინაური ცხოველების შიშსა და მათ მიერ გამოხატულ მდგომარეობაზე ცხოველთა უფლებების დამცველი, ნინიშა ჩლაიძე "რუსთავი 2"-თან საუბრობს.
"ათეულობით და გაცილებით მეტი ცხოველი იკარგება მაგ დროს. ძაღლს იმდენად ეშინია, რომ მთავარია მისთვის საპირისპირო მიმართულებით გაიქცეს, შეიძლება კილომეტრები გაირბინოს და შემდეგ, გონს რომ მივიდეს, იყოს მისთვის აბსოლუტურად უცხო ადგილზე.
სახლში მყოფ ცხოველებსაც საშინელი სტრესი აქვთ და მერე ეს იწვევს გარკვეულ აგრესიას გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერ ხმაურზე. ჩიტები პირდაპირ კვდებიან.
მთავარია, ავუხსნათ ჩვენს შვილებს და ზრდასრულებსაც, რომ მათი ეს ერთჯერადი გართობა ძალიან დიდი სტრესის და ხშირად, სიცოცხლის ფასად უჯდებათ ყველაზე დაუცველ არსებებს," - ამბობს ნინიშა ჩლაიძე.
პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პეტიციაც კი შეიქმნა. ცხოველთა უფლებების დამცველები და მოყვარულები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან ამგვარი აქტივობები შედეგს გამოიღებს.
ძაღლების ქცევის კორექციის სპეციალისტი, მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს, რამდენიმე რჩევას აძლევს როგორ მოიქცნენ, როდესაც მათი ოთხფეხა მეგობრები პიროტექნიკის ხმაურის დროს სტრესულ მდგომარეობაში ვარდებიან.
"მოფერება, პირიქით, კვებავს შიშს, ამ დროს სჯობს, რომ ცხოველს გადავუტანოთ მისთვის სასიამოვნოზე ყურადღება, მაგალითად დავუწყოთ ვარჯიში, სასუსნავით გავართოთ, ბურთი გადავუგდოთ და ა.შ. მაგრამ არა მოვეფეროთ, მოფერება პირიქით, ამართლებს მათ შიშს.“ - განმარტავს ნინიშა ჩლაიძე.
საახალწლო ფოიერვერკების ხმაური რომ 31 დეკემბრის ღამეს გარკვეული დოზით გარდაუვალია, ცხადია, თუმცა ჩვენი თემის გაგრძელებაა სწორედ დღეს, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული თხოვნაც.
თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს და საახალწლო დღეებში ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან თავის შეკავებას სთხოვს, როგორც ზოოპარკის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, გასულ წლებში იყო შემთხვევები, რომ უჩვეულო ხმაურმა ცხოველებს გული გაუხეთქა.