20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც 2021 წელს დაგვტოვეს - ვის გარეშე ხვდება საქართველო ახალ წელს

2021 წელს საქართველომ ბევრი ცნობილი ადამიანი დაკარგა. ამაზე გავლენა იმ ვირუსმაც მოახდინა, რომელმაც უკვე თითქმის 2 წელია მსოფლიო თავის დღის წესრიგს მოარგო. გარდაცვლილთაგან ბევრი სწორედ კორონავირუსმა იმსხვერპლა.

მათზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, 31 დეკემბრის ამ სტატიაში, "რუსთავი 2" იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც 2021 წელს დაგვტოვეს და რომლებიც იქცნენ, ქართული დიპლომატიის, ხელოვნებისა თუ სპორტის დიდ დანაკარგად.

 


გელა ჩარკვიანი

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.

"შენს ქართველობას, შენს ნამდვილ იდენტობას მაშინ კარგავ, როდესაც უარს ამბობ ცვილილებაზე და ყველაფრის დაკონსერვებას იწყებ," - ამბობდა ის ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერში.

მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი"

გამოცემული აქვს წიგნები: "ინტერვიუ მამასთან", "ნაგერალა", "ნაცნობ ქიმერათა ფერხული", "ENGLISH – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი"



კახი კავსაძე

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა. არაერთი ჯილდოს მფლობელი მსახიობი. იორამი, დონ კიხოტი, ელიბო, მიხეილ კორეშელი ... მსახიობმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა თეატრსა და კინოში.

აკაკი ვასაძის მიერ სიკვდილის წინ დასმული კითხვა "ნეტავი, იქ თეატრი არის?!“, კახი კავსაძემაც დასვა მასზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში.  მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სჯერათ, რომ მან ამ კითხვას დადებითი  პასუხი გასცა და  "იქაც" კვლავ სცენაზე დგას.


ჯემალ ჭკუასელი

ცნობილი მომღერალი, საქართველოს სახლხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი იყო ადამიანი, რომლის მოღვაწეობასაც  რევაზ ჭოხონელიძესთან ერთად, უკავშირდება ანსამბლ "ერისიონის“ ოქროს ხანა.


თამაზ ტყემალაძე

ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი. საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი. 

თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, დაჯილდოვდა ღირსების მედლით.


ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძეს შექმნილი აქვს ილუსტრაციები შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნისთვის". მას ეკუთვნის ილუსტრაციები ისეთი ნაწარმოებებისა, როგორიცაა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი", "გიგლია", "გველისმჭამელი" და სხვა, ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", გრიგოლ ორბელიანის "სადღეგრძელო", გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს "შოთა რუსთაველი" და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას.

 


ერმალო
მაღრაძე

გულწრფელი, კეთილი და მეოცნებე ასე მოიხსენიებენ კინორეჟისორი ერმალო მაღრაძეს, რომლის ფილმები "შვეციის პრინცი იმერეთიდან", "გზააბნეულნი", "აპოკალიფსი არ იქნება", "თეა", ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

 


ამირან ქადეიშვილი

ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი , მას არაერთი როლი აქვს შესრულებული ფილმებში,  გიორგი შენგელაიას კომედიაში "სიყვარული ყველას უნდა" მან ხირხალას დაუვიწყარი სახე შექმნა, მისი ფრაზები კი ათწლეულებია პოპულარობას არ კარგავს.


დავით სოკოლოვი

დავით სოკოლოვი საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან  საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. მას თბილისის ტელეანძის მიმდებარედ წელს ვარსკვლავიც გაუხსნეს.


ბუბა ხოტივარი

ქართველი კინოდოკუმენტალისტსა და მხატვრული ფილმების რეჟისორ  ბუბა ხოტივარს გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი" (ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა".

 


ანზორ ერქომაიშვილი

მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლების "რუსთავისა" და "მართვეს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,  მის სახელს უკავშირდება არაერთი ქართული ხალხური სიმღერისა თუ საგალობლის აღდგენა-ჩაწერა.

პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო მათ შორის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.


თემურ წიკლაური

ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ "ივერიას" წევრი თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ქართველი მსმენელის მეხსიერებაში ის დარჩა ამაყ, გულკეთილ არწივად, რომლის როლსაც ასრულებდა ლეგენდარულ "ჩხიკვთა ქორწილში". მის მიერ ნამღერმა ყველა სიმღერამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, მათი ტექსტებიც კი ფრთიან ფრაზებად იქცა: "გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ..." , "კარი გამიღე, მთხოვა სიკვდილმა" და ა.შ


ზურაბ დოიჯაშვილი

ზურაბ დოიჯაშვილი 3 ათეული წლის განმავლობაში წერდა და ასრულებდა სიმღერებს. მან არაერთი დასამახსოვრებელი სიმღერა შექმნა. მის სავიზიტო ბარათად იქცა სიმღერა "მელიქიშვილის გამზირი", რომელსაც თავადვე მღეროდა.

განსაკუთრებული ხმის მომღერალს  გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.


ლეილა ძიგრაშვილი

მსახიობმა ლეილა ძიგრაშვილმა ათეული წლები გაატარა თეატრში. შესრულებული აქვს არაერთი როლი მოზარდ მაყურებელთა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრებში.

იყო მხატვრული კითხვის ოსტატი და სხვადასხვა წლებში სტუდია "ქართულ ფილმში" მუშაობდა გამხმოვანებლად. მისი ხმით მეტყველებენ არიადნა შენგელაია ფილმში "შერეკილები", სოფიკო ჭიაურელი ფილმში "ჩვენი ეზო" და ა.შ


გურამ დოჩანაშვილი

ქართველი კლასიკოსი მწერალი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მასზე ამბობდნენ რომ ის ერთდროულად ყველაზე ახლოს იყო ღმერთთანაც და ადამიანთანაც.

"დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით." -  მწერალი რომელიც წერდა ადამიანზე,  საკუთარი თავის აღმოჩენაზე,  სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე,  ქალაქზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.

მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს

 


თამაზ კვაჭანტირაძე

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე ავტორია წიგნებისა – "მსგავსებითი შედარება ქართულში" , "ჰა ბურთი, ჰა მოედანი", "მოგზაურობა სასიტყვეთში"

იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

თამაზ კვაჭანტირაძეს წლების განმავლობაში, საქართველოს პირველ არხზე! ქართულ ენასა და ლიტერატურაზე საავტორო გადაცემა "მოგზაურობა სასიტყვეთში"  მიჰყავდა,  მისი განსაკუთრებული თხრობის მანერისა და ღრმა და საინტერესო თემების წყალობით, სასიტყვეთში არაერთმა ადამიანმა იმოგზაურა.

 


გივი ალხაზიშვილი

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი. გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს არაერთი პოეტური კრებული, მას, სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოცემული აქვს უცხოელი მწერლების შემოქმედება, მისი ლექსებიც თარგმნილია მრავალ ენაზე. როგორც გივი ალხაზიშვილზე ამბობენ, მან ჩვენს შიშებთან, მარტოობასთან გასამკლავებლად საკუთარი პოეზია დაგვიტოვა.


რეზო გაბრიაძე

თეატრის და კინოს რეჟისორი, მხატვარი, მწერალი, მოქანდაკე, თოჯინების ჯადოქარი...

იგი იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სერენადა", "არ დაიდარდო", "ქვევრი", "ფეოლა", "შერეკილები", "მიმინო" და სხვ.

რეზო გაბრიაძის შექმნა მარიონეტების თეატრი, რომელიც არის ულამაზესი, ჯადოსნური პატარა ქალაქი ძველ ქალაქში

მისი თეატრის ფასადზე ოქროს ასოებითაა დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი - EXTRA CHEPAM NIHIL COGITO NOS LACRIMARE, რაც ნიშ­ნავს: "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს".


მარინა ჯანაშია

ქართველი მსახიობი რომლის გარეგნობაც და ხმაც სხვაში არასდროს შეგეშლებათ. მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა თეატრსა თუ კინოში, ის იყო პაჟი "ანტიგონედან", მარტირიო "ბერნარდა ალბას სახლიდან", ჯულიეტა "რომეო და ჯულიეტაში", და ასე შემდეგ.

ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორის – "კუკარაჩა" (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), "სიბრძნე სიცრუისა" (მელა), "გრძელი ნათელი დღეები" (მასწავლებელი).

მისი ხმით მეტყველებდა არაერთი უცხოური სერიალის პერსონაჟი.


ჯარჯი ფხოველი

ქართველი პოეტი ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი), ქართული ვერლიბრის ერთ-ერთ ფუძემდებელი იყო. ის ავტორია პოეტური კრებულებისა "100 ლექსი", "შავი რვეული", "ფურცლები", "დილის არაყი", "ჩაძირული არქიპელაგია" და ა.შ.


ზურაბ რთველიაშვილი

"ყური დამიგდე, შენ კი არა, მე ვარ ვენახი! ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ მჩატე სხეულზე..." - ეს ლექსი არტისტსა და პერფორმერს პოეტ ზურაბ რთველიაშვილს ეკუთვნის. მისთვის სიტყვა იარაღია "პოეზიის დიქტატურის" დასამყარებლად.

2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა "პოეზიის დიქტატურა" პრემია "საბა" მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის

 

თამაზ გამყრელიძე

გამოჩენილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უკანასკნელ წლებში კი - საპატიო პრეზიდენტი, არაერთი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და დოქტორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თუ პრემია.

 


დიმიტრი ერისთავი

ცნობილი ქართველი მხატვარი, რომელმაც შექმნა არაერთი ილუსტრაცია წიგნისთვის, ქართული ფილმების გამორჩეული აფიშები და 60-იანი წლების თბილისის გრაფიკული სურათები.

ქართველმა მხატვარმა და გრაფიკოსმა 1985 წელს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება მიიღო, 2006 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა.

 

დავით ხახალეიშვილი

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენი იყო, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გავიდა.

ამასთან, ის პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

 

ნუგზარ ზაზანაშვილი

"წავა წავა წავა" - ეს პოეტის, გარემოს დამცველის ნუგზარ ზაზანაშვილის უკანასკნელი  პოეტური კრებულის სახელია.

ნუგზარ ზაზანაშვილი 5 კრებულის და ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორია.

როგორც მასზე ამბობენ, მისი პოეზია მასავით უბრალო, კეთილი და ძლიერმოქმედი იყო ერთდროულად.


კოტე მგალობლიშვილი

მსახიობი და საქართველოს პარლამენტის არაერთგზის დეპუტატი, საზოგადოებამ მგალობლიშვილი ფილმიდან "უდიპლომო სასიძო" გაიცნო, სადაც მან ბიჭიკოს როლი შეასრულა.

დღის ამბები