ყაზბეგი, რაჭა, იმერეთი, კახეთი - დღეს ახალ წელს და ბედობას ყველგან აღნიშნავენ. რეგულაციების გათვალისწინებით ამ და სხვა რეგიონებში კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები იმართება. პროგრამა, რომელიც საახალწლო დღესასწაულის შექმნას ყველა მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს, მთავრობის მიერ ხორციელდება.
წყალტუბოში საახალწლო კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა. მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცეები.
საახალწლო ღონისძიება შედგა წალკაშიც. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა საახალწლო სოფელი, პატარებს ადგილზე დახვდათ ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა.
2022 წლის დადგომა და ბედობა იზეიმეს ახმეტაშიც, სადაც წინასაახალწლო ღონისძიებები ქალაქის ცენტრში დილიდან მიმდინარეობს, შესრულდა მუსიკალური ნომრები, მოსახლეობის განწყობაზე ანსამბლმა "ალილომ" იზრუნა.
გალა კონცერტით დასრულდა საახალწლო ღონისძიება ონში. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საახალწლო ღონისძიებებს უმასპინძლა ყაზბეგმაც, სადაც ადგილობრივი ანსამბლებისა და დედაქალაქიდან მიწვეული შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.
საშობაო განწყობის შექმნას მაღალმთიან აჭარაში თოვლმა შეუწყო ხელი. ქედაში მთავარ ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუა და ელფები პატარების სურვილებს ისმენდნენ. საშობაო ბაზრობაზე კი რეგიონში წარმოებული პროდუქტისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საახალწლო ღონისძიება 63-ვე მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ხორციელდება.