ქართველი ფიზიკოსი თენგიზ ბიბილაშვილი ფიზიკის საერთშორისო ოლიმპიადის ფარგლებში აშშ-ის ნაკრების აკადემიურ დირექტორად დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თენგიზ ბიბილაშვილი ამერიკელ ფიზიკოსთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.
აშშ-ის ფიზიკის პედაგოგთა ასოციაცია ყოველწლიურად არჩევს და ამზადებს სტუდენტებს ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IPhO).
"ჩემთვის პატივი და პასუხისმგებლობაა გავუფრთხილდე ამერიკული ნაკრების რეპუტაციას," - განაცხადა ბიბილაშვილმა.
თენგიზ ბიბილაშვილის განმარტებით, IPhO-ს მონაწილეები, ოლიმპიადის ფარგლებში, ქულების დასაგროვებლად, თეორიულ და ექსპერიმენტულ ამოცანებს შეჯიბრის 2 რაუნდის განმავლობაში ხსნიან.
თენგიზ ბიბილაშვილის აკადემიურ დირექტორად არჩევის შესახებ გამოცემა The Current წერს.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ თენგიზ ბიბილაშვილმა მათემატიკა და ფიზიკა საქართველოში, ვეკუას სკოლაში ჯერ კიდევ მაშინ შეისწავლა, როცა ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.
ბიბილაშვილმა უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ განაგრძო მონაწილეობა კონკურსებში, აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ოლიმპიადების ჩამოყალიბებაში. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი, აგზავნიდა გუნდებს ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე.
თენგიზ ბიბილაშვილი აშშ-ში წასვლის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ში ახალგაზრდა ფიზიკოსთა ასოციაციის ჩამოყალიბებაში. ამჯერად ის სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკის ლექტორია.