"ფლურონა" - ასე უწოდებენ კოვიდითა და გრიპით ერთდროულად ინფიცირების მდგომარეობას. ისრაელის ეროვნული covid-19-ის საკონსულტაციო კომიტეტის წევრის განცხადებით, ეს ჯერჯერობით ფართო მოვლენა არაა, თუმცა საყურადღებოა.
მისი ინფორმაციით, მათზე, ვინც აცრილია როგორც გრიპზე, ასევე კოვიდზე, ასეთი "ფლურონას" რისკებისგან მეტად დაზღვეულია.
ჯანმოს თანახმად, გრიპი და კოვიდი რესპირატორული დაავადებებია და ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა: ხველა, ცხვირიდან სისველე, ყელის ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და დაღლილობა. ორივე ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, როდესაც ინფიცირებული სუნთქავს, საუბრობს, ახველებს ან აცემინებს.
ექიმების აზრით, კოვიდითა და გრიპით ერთდროულად ინფიცირება იმუნური სისტემისთვის შეიძლება კატასტროფული იყოს. ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს იმაზე, უფრო მაღალია თუ არა ორივე ვირუსით ინფიცირების შემთხვევების დროს ჰოსპიტალიზაცია, ერთი ვირუსით ინფიცირებულებთან შედარებით.
ყველაზე მეტად ორივეთი ინფიცირების რისკი ზამთარში მატულობს. ამიტომ სპეციალისტები ვაქცინაციას და თავდაცვის სხვა ზომების მიღებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ - მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვას, ხელების დასუფთავებას, იზოლაციას და ოთახების განიავებას.