ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო პრობლემები საქართველოს მოქალაქეებსაც შეექმნათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ყაზახეთში მყოფი ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში საუბრობს.
ბაჩანა მელაშვილის თქმით, მასთან ერთად კიდევ 3 ქართველი იმყოფება.
"აქ ყველაფერი ჩაკეტილია. ფაქტიურად "გავიჭედეთ" 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ ვინმემ თუ იცით, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში, გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მაღაზიებში არაფერი იყო, რომ გვეყიდა. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ," - აცხადებს ვიდეომიმართვაში ბაჩანა მელაშვილი.
ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართს სთავაზობს:[email protected]. ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.