20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
რა მიზეზით გარდაიცვალა 19 წლის მშობიარე ქუთაისში - ოჯახის ძირითადი პრეტენზიები ანესთეზიოლოგს ეხება, რომელიც მთელი დღეა გამოძიების კითხვებს პასუხობს

ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, 19 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე, გამოკითხვები მიმდინარეობს. სამართალდამცველები მოწმეებთან სესილი ბუბუტეიშივლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზების გარკვევას ცდილობენ.

"კურიერის" ინფორმაციით, გამომძიებლის კითხვებს უკვე უპასუხა იმ ანესთეზიოლოგმაც, რომელსაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ ექიმმა სპინალური გაუტკივარების დროს, პრეპარატი არასწორად გამოიყენა. 

იყო თუ არა, სამედიცინო პერსონალის შეცდომა ქალის სიკვდილი - ეს მთავარი კითხვაა, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებს აქვთ და ამჯერად, პასუხებს შესაბამისი სამსახურებისგან ელოდებიან. პარალელურად კი, გამოძიებასთან თანამშრომლობენ. 

გამოძების შედეგებს ელოდებიან, თუმცა მანამდე გაჩერებას არ აპირებენ ქალის ოჯახის წევრები. დედა ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედიის განმეორების თავიდან აცილებისთვის, აუცილებელია ჩატარებულ ოპერაციაზე პასუხისმგებელ პირებს, დროებით საქმიანობის უფლება შეუჩერდეთ.

სიმართლის დადგენის მომხრეა ის სამედიცინო დაწესებულებაც, სადაც 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი საკეისრო კვეთიდან 16 დღის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზებს უკვე იკვლევენ შესაბამის სამსახურებშიც. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სასამართლოს პასუხს ელოდება რომ კლინიკიდან გოგონას პირადი ისტორია ამოიღოს და შეისწავლოს. თუ რომელიმე ექიმის დანაშაული გამოიკვეთება, არ არის გამორიცხული, პირი სისიხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცეს, მანამდე კი, გამოძიების ფარგლებში, აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროც ატარებს.

დღის ამბები