თბილისის გარდა, კიდევ 1 კვირას გასტანს საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის რეგიონებში. ანიმატორებითა და მომღერლებით დატვირთული საახალწლო ქარავანი დღეს ლენტეხს ეწვია. მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები და საშობაო სახლები, პატარების განწყობაზე კი თოვლის ბაბუა და ანიმატორები ზრუნავდნენ.
საახალწლო სოფელი მოეწყო ფოთშიც, სადაც ადგილობრივების განწყობაზე სხვადასხვა მომღერალმა და ანსამბლმა იზრუნა. გამონაკლისი არც ახალციხე და საგარეჯო იყო, სადაც საშობაო მსვლელობას ტაძრის მგალობელთა და სტიქაროსანთა ჯგუფი შეუერთდა. ყველა ქალაქში ღონისძიების დასასრულს გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც ფოიერვერკებით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთშიც ჩატარდა. გასართობი ღონისძიებები დღის 2 საათზე დაიწყო.
საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. საშობაო სოფლები ქვეყნის მასშტაბით სტუმრებს 63-ივე მუნიციპალიტეტში 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.