ყოველდღიურად იზრდება "ომიკრონის" ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების სტატისტიკა ოფიციალურზე 5-ჯერ მეტია.
ახალი შტამის გავრცელებისა და იმუნიზაციის ტემპის შემცირების ფონზე, სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ აუცრელი მოქალაქეებისთვის ახალი შტამი, შესაძლოა, მარტივი გადასატანი არ აღმოჩნდეს.
"თუ ადამიანს აქვს ბუსტერ დოზა გაკეთებული, იგი უფრო მეტად არის დაცული ომიკრონის შტამის მიმართ და ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, როგორ შევაჩეროთ პანდემია და როგორ შევაჩეროთ კოვიდის ახალი შტამის ესეთი ფართო გავრცელება, არის ის, რომ გამოვიყენოთ ბუსტერ დოზებით რევაქცინაცია და დავიცვათ თავი," - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე შემთხვევების მატებაზე საუბრობს.
"ის, რომ ქვეყანაში 600 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, არ ნიშნავს რომ მხოლოდ ეს რაოდენობაა ამ ვარიანტით ინფიცირებული პაციენტების. საქართველოში 2 იანვარს იყო 1660 შემთხვევა და გუშინდელი, სამი დღის საშუალო მაჩვენებელი უკვე 3700-ია. ანუ, 4 დღეში პრაქტიკულად გაორმაგდა შემთხვევების რაოდენობა,“ - ამბობს ივანე ჩხაიძე.