20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
"დელტაკრონი" - კვიპროსზე ჰიბრიდული შტამი დაფიქსირდა, პარალელურად მსოფლიოში დომინანტურ ვარიანტად "ომიკრონი" იქცა

კვიპროსზე "დელტასა" და "ომიკრონის" ჰიბრიდული შტამი დაფიქსირდა. ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ "ომიკრონში" იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი "გენეტიკური საფუძველი" "დელტა" შტამსაც აქვს. კვიპროსელმა მეცნიერებმა ახალ შტამს "დელტაკრონი" დაარქვეს. ახალი ვარიანტით 25 ადამიანია ინფიცირებული.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ავსტრალიაში. ქვეყანაში 115 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასობით ათასი ადამიანი კი იზოლაციაშია გადასული. ჰოსპიტალიზირებული პაციენტების უმეტესობა "დელტა" შტამით არის ინფიცირებული. ქვეყნის ხელისუფლება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა კანადაშიც. ონტარიოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. როგორც პროვინციაში ამბობენ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდულ ნიშნულზეა მისული.

კორონავირუსი მძვინვარებს ლოს-ანჯელესშიც, სადაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაორმაგებულია. შტატის საავადმყოფოებმა ინფიცირებულ მედპერსონალს სამუშაოზე დაბრუნების უფლება მისცეს. ტესტირების ადგილებზე კი პერსონალის დეფიციტის გამო კალიფორნიის ეროვნული გვარდიის ჯარების განლაგება დაიწყეს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულაციებს ამკაცრებს საბერძნეთი. იმ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდის ბუსტერ დოზა არ ექნებათ გაკეთებული, დახურულ სივრცეებზე წვდომა შეეზღუდებათ. პანდემიის დაწყების დღიდან კი დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა. გაერთიანებულმა სამეფომ გარდაცვალების მაჩვენებლის მიხედვით ევროპაში ანტირეკორდი დაამყარა.

ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია ისრაელშიც. ქვეყანაში ვაქცინის მეოთხე დოზით 250 ათასი ადამიანი აიცრა. მეოთხე დოზით იმუნიზაცია 60 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ.

"ომიკრონის" 2 შემთხვევის გამოვლენის გამო კი, ჩინეთის ქალაქი ტიანჯინი 14 მილიონიანი ქალაქის მოსახლეობის ტესტირებას იწყებს.

დღის ამბები