რა სამართლებრივი დეტალებია გასათვალისწინებელი ბინის ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების დადებისას, როგორ უნდა შევადგინოთ ხელშეკრულება, რომელი მხარე რა უფლებებით სარგებლობს და რა ვალდებულებები ეკისრებათ მხარეებს ასეთი გარიგებისას?
"რუსთავი 2-ის" დილის გადაცემაში, ამ საკითხებზე ასოცირებულმა პროფესორმა და იურისტმა თამარ კერძაიამ ისაუბრა:
- იჯარისა და ბინის ქირავნობის შემთხვევაში, წერილობითი ფორმა არ არის საჭირო. ეს საჭიროა იმ დროს, თუკი ერთ-ერთი მხარე არის იურიდიული პირი და ერთ წელზე ან მეტი ვადით იდება ხელშეკრულება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 1 წლამდე ასეთი ხელშეკრულების რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, ვურჩევდი ყველას, ამ დროს ხელშეკრულება წერილობით დადონ. იმიტომ, რომ დავის შემთხვევაში, რაიმეს მტკიცება არ გართულდეს. წერილობით ხელშეკრულებაში შეგვიძლია ჩავწეროთ თარიღი, ქირის ოდენობა, ასევე დავაფიქსიროთ, თუ ავეჯიან ბინას გადავცემთ მოქირავნეს.
თუმცა, თუ არ დავდეთ წერილობითი ხელშეკრულება, ჩვენს კოდექსში, რა თქმა უნდა, გარკვეული დამცავი ნორმები არის. თუმცა, ასეთ დროს, სასამართლოს უნდა მივმართოთ და მტკიცების ტვირთი ბევრად რთულდება - განმარტავს თამარ კერძაია.
- როდესაც გაქირავებულ ბინაში რაიმე ზიანდება - ვინ არის ვალდებული აღდგენა-შეკეთებაზე?
- მიმდინარე რემონტის ხარჯი ეკისრება დამქირავებელს. მაგრამ, თუკი მწყობრიდან გამოვიდა მაგალითად - წყლის მილები და ისეთი კომუნიკაციები, რომელიც მიმდინარე რემონტად კი არ ითვლება, არამედ ფუნდამენტური შემადგენელია ამ უძრავი ქონების - ასეთ დროს უკვე გამქირავებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ აანაზღაუროს შეკეთება. ხოლო, თუკი შეკეთების დრო იწელება, თავად დამქირავებელს შეუძლია შეაკეთოს თავისი ხარჯებით, ქვითარი შეინახოს და შემდეგ აანაზღაუროს ეს გამქირავებელმა.
- რა ხდება იმ დროს, თუ ბინა გაქირავებულია და მეზობელი დაზიანდა (წყალი ჩავიდა, ან მსგავსი შემთხვევები)
- გააჩნია, ეს ხდება დამქირავებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციით, თუ მწყობრიდან გამოვიდა ის კომუნიკაციები, რაზეც დამქირავებელს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამ დროს მესაკუთრე აგებს პასუხს. თუმცა მეზობლის მიმართ სულ რომ დამქირავებელმა პასუხი არ აგოს, მესაკუთრე მაინც პასუხისმგებელია ეს პრობლემა მოაგვაროს.
- რა ხდება ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში?
- თუკი მესაკუთრის ბინაში განთავსებულია გამქირავებლის ნივთები და ის არ იხდის ბინის ქირას, მესაკუთრეს შეუძლია გამოიყენოს გირავნობის უფლება დამქირავებლის ქონებაზე. შესაბამისად, ვერ წაიღებს ის ამ ნივთებს ქირის გადახდამდე. თუმცა, თუკი მოქირავნეს უკვე გატანილი აქვს ნივთები, მას უკან ვეღარ მოვაბრუნებინებთ,"- აცხადებს თამარ კერძაია.