თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი სამგზავრო აბონიმენტები აქტიურად იყიდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი 1 წლიან ულიმიტო აბონიმენტს ანიჭებს უპირატესობას. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მერის თქმით, მგზავრობის ინტეგრირებული სისტემა ევროპული სტანდარტია და დედაქალაქში პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.
"ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული სისტემის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მგზავრობის ტარიფი გაძვირდა, რეალობა კი სხვაა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები, ასევე, 53% ადამიანებისა, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით/ფასით (0,2, 0,1 ლარი) და უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ, ინტეგრირებული სამგზავრო სისტემის ფარგლებში, ნებისმიერი ტრანსპორტით გაცილებით იაფად იმგზავრებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.