20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება მოზარდებს შორის თბილისის ცენტრში - ვიდეო, რომელიც ჩაგვრის მაგალითია

არასრულწლოვნებს შორის კონფლიქტის კადრები, სადაც ჩანს, როგორ ამცირებენ და ძალადობენ მოზარდზე, სოციალური ქსელით გავრცელდა. კომენტარებიდან კი ირკვევა, რომ ვიდეო კონფლიქტს სრულად არ ასახავს. "ტიკტოკის" მომხმარებლების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ფიზიკურადაც გაუსწორდენენ.

მოზარდებს შორის დაპირისპირება "დედაენის" ბაღში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, სავარაუდო მსხვერპლს დამცველი არ გამოუჩნდა. დაპირისპირების დეტალებს "კურიერთან" ერთ-ერთი არასრულწლოვანი იხსენებს.

"ხან ზავი აქვთ, ხან მაგრად ჩხუბობენ. ყველანი არასრულწლოვნები არიან,"- აცხადებს არასრულწლოვანი თვითმხილველი.

კონფლიქტს სრულწლოვანი თვითმხილველებიც ყავს. დედა ენის ბაღში დღეს ყვებიან, რომ მსგავს აგრესიას მოზარდების მისამართით სისტემატიური ხასიათი აქვს.

"სამწუხაროდ შევსწრებივარ რაღაც გაურკვეველი მიზეზით რომ ჩხუბობენ, არიან არასრულწლოვნები და ისეთ არაადამიანურ აგრესიაში გადადიან, რომ გაშველებაც ძნელია,"- აცხადებს თვითმხილველი. 

კადრები გამაოგნებელი აღმოჩნდა ფსიქოლოგებისთვისაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვიდეო მასალა კლასიკური ჩაგვრის მაგალითია.

არასრულწლოვანთა უფლებადამცველები მომხდარს დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის კვალიფიკაციას აძლევენ. თუმცა თვლიან, რომ მათი სამართლებრივი დასჯა არაეფექტურია.

რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია. სამართალდამცავმა უწყებამ უნდა დაადგინოს შეიცავს თუ არა ვიდეომასალა დანაშაულის ნიშნებს.

 






 

 

დღის ამბები