20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
თანამშრომლობა, თაღლითობა თუ ფულის გათეთრება - რას გულისხმობს საქმე, რომლის გამოც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს TBC-დან წასვლა მოუწიათ

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. წაყენებული მუხლი კი, სასჯელის სახით ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

3 წლიანი ეპოპეა დასასრულისკენ მიდის, თუმცა რჩება სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თავის დროზე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლა მოუწიათ.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ 17 მილიონი დოლარის ტრანზაქციას.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი TBC, რომლის აქციების 100 %-ის მფლობელი კომპანია გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს, შარში ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო აღმოჩნდა.

დარღვევები ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წელს გამოავლინა.

საქმეში დევს: სესხი, მოგვიანებით ამ სესხის ჩამოწერა, გარე ანგარიშებზე გადატანა და ბოლოს ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან საერთოდ გათავისუფლება.

ავთანდილ წერეთლისგან ფულის სესხებას ბადრი ჯაფარიძე თანამშრომლობად, სასამართლო თაღლითობად, პროკურატურა კი ფულის გათეთრებად აფასებს. საგამოძიებო უწყება 3 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ 2008 წელს თიბისი ბანკიდან ნასესხები 17 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის დახმარებით, ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს.

ბრალდების თანახმად, 17 მილიონიანი ვალი საბოლოოდ ოფშორულ ზონაში ერთი თვით ადრე, საგანგებოდ დარეგისტრირებულ კომპანიას გადააბარეს. ამ ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი კი ისევ თიბისი ბანკის მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირი იყო.

დღეს, მოსამართლის მიერ საბრალდებო მუხლის გადაკვალიფიცირებით დანაშაული ხანდაზმულად ჩაითვალა, რამაც ხაზარაძე-ჯაფარიძე და წერეთელი 7 წლიანი სასჯელისგან იხსნა.

17 მილიონიანი თანხის თაღლითობის საქმეს, საქალაქო სასამართლოს განაჩენის შემდეგ ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს. განაჩენს ორივე მხარე ასაჩივრებს.

დღის ამბები