20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
დარბეული შენობები, დაცხრილული ქუჩები და შეშინებული ადგილობრივები - ყაზახეთში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა, თუმცა უცხოური ჯარების გაყვანის პროცესი იწყება

"რუსთავი 2" მოვლენათა ეპიცენტრიდან - "კურიერის" გადამღები ჯგუფი უკვე ყაზახეთის ტერიტორიაზეა. ქვეყანაში უცხოური ჯარების გაყვანის პროცესი იწყება, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას. ყაზახეთის ტერიტორიაზე კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ბოლო მონაცემებით, დაკავებულთა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა.

ამ დროისთვის ქალაქ ალმათში მშვიდი ვითარებაა. ქუჩაში მოძრაობენ ავტომობილები, მოქალაქეები გადაადგილდებიან, მოძრაობს ტრანსპორტიც, თუმცა ქალაქში ნაომარი სურათია. ქუჩები დაცხრილული და დარბეულია, გადამწვარია შენობები.

სრულიად გადამწვარია ქალაქის მერიის შენობა, ასევე დარბეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა.

იქიდან გამომდინარე, რომ სამხედროები და პოლიციელები თავდასხმის სამიზნეები იყვნენ, მიღებული გადაწყვეტილებით, მათ ფორმები გაიხადეს და სამოქალაქო ტანსაცმელში განაგრძონ საკუთარი მოვალეობის შესრულება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშინებულები არიან და მომხდარი ფაქტები დაუშვებელია.

"ეს ტრაგედიაა, დაიღუპა ხალხი, ქალაქი განადგურებულია. ჩემი აზრით, ვანდალიზმი, მკვლელობა და ძარცვა დაგეგმილი იყო. თუ სადმე პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, აქ მშვიდობა ნამდვილად არ სუფევდა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სწორად მოიქცა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის ძალები შემოიყვანა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკომატიდან თანხის გადატანას ვერ ახერხებენ, რადგან იქ თანხა არ არის.

"ბანკომატში თანხა არ არის, ფულს ვერ ვიღებთ. ბანკიც დაკეტილია. მოგვივიდა სმს, რომ შეგვიძლია თანხის განაღდება, თუმცა, როგორც ხედავთ, ეს რეალობას არ შეესაბამება," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მათივე თქმით, შეზღუდული იყო პროდუქტების რაოდენობა და არჩევანი. 

"ძალიან გვეშინოდა, მშვიდად ვცხოვრობდით და მოულოდნელად, მოვლენები ასე განვითარდა. ეს კოშმარია, არავის ვუსურვებ ანალოგიურის განცდას. ფუნქციონირებდა მხოლოდ რამდენიმე მაღაზია. პროდუქტების არჩევანი არ იყო დიდი, მაგრამ თავი მაინც გავიტანეთ. ადამიანებმა, რომლებმაც ეს მოაწყვეს, ალბათ ოჯახი არ ჰყავთ, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან," - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები