48 გარდაცვლილი და 5 326 ინფიცირებული - "ომიკრონით" დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში დელტა შტამს ახალი მუტირებული ქვეტიპი ჩაანაცვლებს. გამოსავალს ექიმები მხოლოდ ვაქცინაციის გააქტიურებაში და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.
პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილის თქმით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც პაციენტს 3-6 და 1 თვის წინაც კი გადატანილი ჰქონდა კოვიდი და ვირუსის სიმპტომები ხელმეორედ აღენიშნებათ.
"არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტები და ხშირია ასევე, როდესაც რაღაც უახლოესი პერიოდის წინ გადატანის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს 6 თვე, 3 თვე და არის ასევე 1 თვის გადატანის შედეგადაც, როდესაც ადამიანებს ისევ აღენიშნებათ მსგავსი სიმპტომები და ცხადია ეს შემდგომში უკვე დადასტურებული არის ტესტირების საფუძველზე.
სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არასერიოზულად ეკიდება ჩვენი მოსახლეობა აღნიშნულ შტამს. "ომიკრონს" ახასიათებს სუსტი სიმპტომები, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ყველა რესპირატორული დაავადების მსგავსი სიმპტომი, ყველა ვირუსული დაავადების მსგავსი სიმპტომი, ყველა ვირუსული ინფექცია, თუ კი ადამიანს რაიმე ქრონიკული დაავადება გააჩნია, ან აქვს დაბალი იმუნური სისტემა, ასეთ შემთხვევაში არასწორად მართვის და მისი არადროულად სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ საკმაოდ დიდი რაოდენობით შემდგომში პაციენტების,"- ამბობს მაკა ბულეიშვილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი და ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილის განმარტებით, "ომიკრონის" შემთხვევები ქვეყანაში დადასტურებულ რაოდენობაზე მინიმუმ 3-ჯერ ან კიდევ უფრო მეტია.
"ომიკრონით ინფიცირებული პაციენტი ძალიან ბევრია უკვე ქვეყანაში, ყველა კლინიკაში არის. სამწუხაროდ ომიკრონის თვითონ დიაგნოსტიკა ასე არ ხდება, ყველა ტესტით შეუძლებელია აღმოვაჩინოთ. ამიტომ, დიაგნოსტირებული რაც არის და რაც ცნობილია ჩვენთვის, აი ამდენი ომიკრონია ქვეყანაში, ეს ნიშნავს რომ მინიმუმ 3 ან მეტი იმდენი მაინც არის. დაავადება თუ მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, უფრო ზემო სასუნთქი გზების სიმპტომების გამოხატვით მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს არის ომიკრონის შტამი, რომელმაც უკვე სწრაფი გავრცელება დაიწყო და ნელ-ნელა იწყებს დელტა შტამის ჩანაცვლებას," - აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.