14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ეროვნული სიმბოლო, ხუთჯვრიანი დროშა ყოველ 14 იანვარს სახელმწიფო უწყებების შენობებზე საზეიმოდ აღიმართება.
ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი დღესაც აღიმართა. ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
თბილისში დროშები გადმოიფინა საკრებულოს შენობის აივნებიდან. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას დროშები და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.
საქართველოს დროშის დღე მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.
"ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით - იქ, სადაც მისი ბუნებრივი ადგილია" - ამ სიტყვებით მიულოცა მოქალაქეებს დროშის დღე პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მოეწყო. დროშები სიმბოლურად აღიმართა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე.
საქართველოს დროშები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე და მუნიციპალიტეტებშიც გამოფინეს.
სამეგრელოში დროშებით გაფორმდა დადიანების და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი. დროშები გამოიფინა ცენტრალურ ქუჩებზეც.
დროშის დღე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე ცენტრალურ ქუჩებში დროშების გამოფენით აღინიშნა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე უკვე 11 წელია აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა 14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან ზეიმობს.