20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ვინ გახდება ცესკოს ახალი ხელმძღვანელი - 4 მსურველიდან მხოლოდ სამი კანდიდატი შეირჩევა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ მთავარი ლოკაცია გახდა. აკადემიური და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით დღეს დილიდან კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა.

ყველაზე ბოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს დროებით არჩეული თავმჯდომარე მივიდა. გიორგი კალანდარიშვილმა 2 კანდიდატისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენა, რომ კომისიის წევრებისთვის აეხსნა, რას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარეობის შანსი კიდევ ერთხელ - ამჯერად უკვე გაცილებით ხანგრძლივი ვადით მიეცემა. 

კომისიის წევრების დარწმუნებას საკუთარ პროფესიონალიზმში ის 3 კანდიდატიც ცდილობდა, რომლებიც თვლიან, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისთვის საკმარისი კომპეტენცია აქვთ.

ვინ დაიკავებს ცესკოს თავმჯდომარის სავარძელს, ეს კანონმდებლების მსჯელობის საგანი გახდება. მათ უმრავლესობას წინასწარი განწყობა უკვე შექმნილი აქვს. ვარაუდობენ, რომ ამ პოზიციაზე ისევ გიორგი კალანდარიშვილს წარადგენენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არ აპირებს მის მხარდაჭერას. მეორე ნაწილისთვის კი გადამწყვეტი შესაძლოა ის აღმოჩნდეს, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ ცესკოს საქმიანობა საერთაშორისო დასკვნებში დადებითად იყო შეფასებული.

ისინი ვინც თავმჯდომარის არჩევაზე უარს ამბობენ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცესის დისკრედიტაციით არიან დაკავებული და მათი ქმედებით უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციებს უცხადებენ.

რა ვადით აირჩევს პარლამენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს? ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება მოხდება კენჭისყრის დღეს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი პირველ ჯერზე 100 ხმას მიიღებს, ის კანონით გათვალისწინებული სრული ვადით დაინიშნება. თუ პარლამენტში აგვისტოს მოვლენები განმეორდა მაშინ ცესკოს უბრალო უმრავლესობით, ისევ 6 თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე ეყოლება. 

დღის ამბები