იანვრის ბოლოს ეპიდემიოლოგები ვირუსის მასობრივ გავრცელებას ელოდებიან. თუ მათი პროგნოზი გამართლდა, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა გარდაუვალი იქნება. იმის გამო, რომ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში დაბალია, იზრდება რისკი, რომ "ომიკრონით" დაინფიცირების შემთხვევაში, გარკვეულ ჯგუფებს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეთ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ "ომიკრონისთვის" წინააღმდეგობას არც გადატანილი ვირუსი და არც ვაქცინის ორი დოზა წარმოადგენს. შემთხვევების თითქმის მეხუთედი რეინფიცირებას უკავშირდება. სპეციალისტების დაკვირვებით, დაინფიცირების თავიდან აცილების ერთადერთი გზა, ვაქცინის სამი დოზის გაკეთება და რეგულაციების მკაცრი დაცვაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიღბის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაა.
ვაქცინაცია არა მხოლოდ დაინფიცირებისა და ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან იცავს, არამედ პოსტ-კოვიდური სინდრომისგანაც, რომელიც კოვიდის დამარცხების შემდეგ, პაციენტებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა. განსაკუთრებით მაღალ რისკ ჯგუფში არიან დიაბეტით და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს კორონავირუსის შემდეგ, სხვადასხვა დაავადება უვითარდებათ, მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებული შაქრიანი დიაბეტია.
"მაშინ, როდესაც ინფიცირების დღეებს მოვრჩებით, აუცილებელია 2 ან 3 კვირაში, გარკვეული სკრინინგული კვლევები ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩივილები, ვინაიდან შაქრის ციფრების აწევა ხშირად ისე ხდება, რომ გარკვეული სიმპტომატიკა არ ჩნდება,"- აცხადებს მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
სპეციალისტების ვარაუდით, ახალი შემთხვევების 60% უკვე ახალი შტამია. ლაბორატორიულად დადასტურებული კი, მხოლოდ 1096 შემთხვევაა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. როგორც ირკვევა, ვირუსის ახალი ვარიანტი გაცილებით სწრაფად, სწორედ ახალგაზრდებსა და მოზარდებში ვრცელდება.
"ომიკრონის" გავრცელებასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული რეგულაციები შეცვალა. ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის საკარანტინე და იზოლაციის ვადები მცირდება. მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 8 დღემდე მცირდება, ხოლო საშუალო და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევებისთვის 10 დღემდე. თუმცა აუცილებელ მოთხოვნად, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ნიღბის ტარება რჩება.