ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეზღუდვები ეხება თბილისი–სენაკი–ლესელიძის და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზების მონაკვეთებს.
"ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.