საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი მასპინძლობს.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ესწრებიან. მათ უკვე მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის პრიორიტეტი უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირებაა და სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი გაიხსნება.
"თამამად შიძლება ითქვას, რომ დაარსების დღიდან ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში აღმშენებლობის ყველა პროცესი. უნივერსიტეტი ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში განვითარებულ ლიდერად რჩება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი თანადგომით დღეს დაფუძნდა "ჰორიზონტ ევროპის" ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს სრულად მოახდინოს სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირება. უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს განათლების უწყვეტობის პრინციპის განხორციელებას. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას განვითარების დღევანდელ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობა უკვე შეუდგა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის განხორციელებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ორიენტირებული ვართ განვითარების გრძელვადიან, მდგრად, ინკლუზიურ პროცესზე, რომელმაც ეკონომიკის გაძლიერება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. მჯერა და ველით, რომ ამ პროცესშიც ტექნიკური უნივერსიტეტი წამყვან როლს შეასრულებს.
რა თქმა უნდა, ყველა მიღწევისა და წარმატების უკან თქვენი - მეცნიერების, პედადოგების, სპეციალისტებისა და სტუდენტების დიდი შრომა დგას, და მომავალი წარმატებების უმთავრესი გარანტიც სწორედ თქვენ ხართ. დაბოლოს, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.