ჭყონიდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კოვიდ ინფიცირების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
ამასთან, საპატრიარქო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს,
"რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა.
აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად იწყო მისი გავრცელება.
სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.
მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება," - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.