ევროპაში მზარდი ინფიცირების ფონზე ჩეხეთი აუცრელი ადამიანებისთვის საზღვარზე რეგულაციებს ამკაცრებს. მოქალაქეები ქვეყანაში შესვლამდე ვალდებულები იქნებიან კოვიდ ტესტი ჩაიტარონ. ახალი შეზღუდვები შეეხებათ ბულგარეთის, უნგრეთის, ავსტრიისა და გერმანიის მოქალაქეებს. ეს ქვეყნები ჩეხეთმა წითელ ზონაში შეიყვანა.
გერმანიამ კი "მაღალი რისკის" სტატუსი ყველა მეზობელ ქვეყანას მიანიჭა. ქვეყნის მეზობელი 9 სახელმწიფოდან მიმავალ მგზავრებს ქვეყანაში შესვლამდე 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ადგილობრივებს კი საზოგადოებრივ სერვისებზე წვდომისთვის ბუსტერ დოზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ.
ავსტრია 18 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს განიხილავს. აღნიშნული ასაკის პირებისთვის აცრა სავალდებულო, სავარაუდოდ, თებერვლიდან გახდება. ქვეყნის პოლიცია მარტის შუა რიცხვებიდან მოსახლეობის მასობრივ შემოწმებას დაიწყებს.
კომპანია Google საკუთარ თანამშრომლებს კვირაში ერთხელ კოვიდ ტესტის გაკეთებას ავალდებულებს.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მზარდი რაოდენობა ფიქსირდება საფრანგეთში, სადაც "ომიკრონი" ვირუსის დომინანტური შტამია. ადგილობრივი ექიმები ჰოსპიტალური სექტორის კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადავსებულია.
"ომიკრონის" გავრცელების გამო ინდოეთში საავადმყოფოები გადატვირთულია. ქვეყნის დედაქალაქში შაბათ-კვირას ლოქდაუნი ამოქმედდება. საზოგადოებას კი დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებენ.
"ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევები აღირიცხა ტაილანდსა და ირანში. ახალი შტამით ტაილანდში 1, ხოლო ირანში სამი ადამიანი გარდაიცვალა. ომიკრონის სწრაფად გავრცელების გამო ირანს წითელი ზონის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდული აქვს.