დიდთოვლობა საქართველოში, მაღალმთიან აჭარაში ისევ ინტენსიურად თოვს. საავტომობილო გზების გაწმენდა მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესში ათობით სპეცტექნიკაა ჩართული. პრობლემებია შიდასასოფლო გზებზე. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 80 სანტიმეტრს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე ამბობს, აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.შავაძე მოუწოდებს მოსახლეობას, გადაადგილდნენ მხოლოდ შესაბამისი გამავლობის ტრანსპორტით.
"დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გამოწვევად რჩება მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. ველოდებით, რომ დღის ბოლოსათვის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მივიყვანოთ საავტომობილო გზები და მოძრაობა აღვადგინოთ. მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში გადაადგილდნენ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით და შესაბამისი საბურავებით. ვინაიდან გზა, როგორი გაწმენდილიც არ უნდა იყოს შეუძლებელია გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებით,"-აცხადებს ზაზა შავაძე.
ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი გზების გასაწმენდად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. მუშაობს საგზაო დეპარტამენტის 8 ტექნიკა, ასევე შიდასაუბნო გზებზე დამატებით ხდება ტექნიკის დახმარება. რაც შეეხება ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამ დრომდე ელექტროენერგია სოფელ ჩაისუბანს არ მიეწოდება.