მართლმადიდებელმა ეკლესია ნათლისღებია აღნიშნავა - დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სამების ტაძარში ტრადიციული აიაზმა, იგივე წყლის კურთხევა შესრულდა.
ღვთისმსახურება წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, პატრიარქმა აღავლინა და სამების ამბიონიდან მრევლს ნათლისღების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
ნათლისღება - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა.