როგორც მოსალოდნელი იყო "ომიკორნი" საქართველოშიც უკვე მთავარი შტამი გახდა. ლიდერობს თბილისი, სადაც ინფიცირებულების 80%-ს ახალი შტამი უდასტურდება.
მაღალია რეინფიცირების რიცხვიც, ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 17-20%-ს შეადგენს.
იმის გამო, რომ საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის მხოლოდ 41%-ია, "ომიკრონი", საქართველოსთვის არც ისე "მსუბუქი" იქნება.
ჯერჯერობით საქართველოში სხვა შტამებიც ცირკულირებს, თუმცა სავარაუდოდ უკვე რამდენიმე დღეში "ომიკრონი" მარტო დარჩება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 70% უკვე "ომიკრონია". დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 17 %-ს აღწევს, რაც ორწლიანი პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"რუსთავი 2" ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგს ესაუბრა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ ლაბორატორიულად "ომიკრონის" მხოლოდ 1400 შემთხვევაა დადასტურებული, რეალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია.
"ოფიციალურად ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა. ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის იმერეთი, შემდეგ აჭარა. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული. ქვეყანაში 70% მოდის ომიკრონზე," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს. თენგიზ ცერცვაძე სხვა ქვეყნების მაგალითებზე ამბობს, რომ მაღალი სტატისტიკური მონაცემები ეტაპობრივად გაზრდის ჰოსპიტალიზაციის რიცხვს.
"ყველა შემთხვევაში, სიმპტომები როგორც კი იქნება, გაიარონ ტესტირება. მნიშვნელოვანია "ომიკრონი" დაგიდასტურდებათ თუ დელტა, ვინაიდან მკურნალობაში სერიოზული განსხვავებაა," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გაზრდილმა სტატისტიკურმა მონაცემებმა პედიატრიული კლინიკებიც გადატვირთა. ციციშვილის კოვიდ მიმღები განყოფილება მთლიანად შევსებულია. ცენტრს დღიურად 60- მდე ინფიცირებული ბავშვი თუ მოზარდი მიმართავს. კლინიკის დირექტორი ინტერვიუში ამბობს, რომ პატარა პაციენტების ასეთი რაოდენობა დელტა შტამის დროსაც კი არ ყოფილა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვირუსის მიმართ დაუცველი გახდა. ომიკრონი არ ცნობს არსებულ იმუნურ სისტემას. ექიმებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას რთულ მდომარეობაში საზოგადოების დამოკიდებულებაც ჩააყენებს, რადგან მოქალაქების უმრავლესობას ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარე ჰგონია.
"პრაქტიკულად ჩვენ პანდემიის საწყის სიტუაციაში დაგვაბრუნა, დიდი არეალი გაუჩნდა ომიკრონს და პოპულაციის უდიდესი ნაწილი არის მიმღები და მოწყვლადი," - აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.