ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის.
ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი.
დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
შეგახსენებთ,რომ 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა.