სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვა დასრულდა. "სოლიდარობის ქსელის" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია.
მოთხოვნა დაკმაყოფილდა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებასთან, ასევე ტრანსპორტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების შედეგად უქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან ერთწლიანი ხელშეკრულებები დაიდება.
მორიგი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება. სოცაგენტები ხუთი დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები. მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაორმაგება იყო, თუმცა აგენტებს ანაზღაურება 60%-ით გაეზრდებათ.