თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი სედეფა კაბასი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
თურქი ჟურნალისტი ქალი გუშინ დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ის პატიმრობაში დატოვეს.
ჟურნალისტს ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას პრეზიდენს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, კონკრეტულად კი მას ედავებიან, რომ ტელეგამოსვლისას მოახდინა ისეთი ანდაზის ციტირება, რითაც პრეზიდენტი შეურაცხყო.
ბრალდება 1-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"არის ერთ ძალიან ცნობილი ანდაზა, რომელშიც ნათქვამია, რომ გვირგვინიანი თავი სულ უფრო ბრძენი ხდება, თუმცა ჩენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არ არის," - განაცხადა სედეფა კაბასმა Tele1-ის ეთერში.
მოგვიანებით კი მან Twitter-ზე კიდევ ერთი გამონათქვამი დაპოსტა - "ხარი კი ვერ გახდება მეფე მხოლოდ იმიტომ, რომ სასახლეში შევიდა, სასახლე კი ფარეხად იქცევა."
პრეზიდენტ ერდოღანის წარმომადგენელმა ფაჰრეტინ ალთუნმა ჟრნალისტის ეს გამონათქვამები "უპასუხისმგებლოდ" შეაფასა.
"ე.წ. ჟურნალისტი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პრეზიდენტს იმ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რომლის მთავარი მიზანი ზიზღის გავრცელებაა," - დაწერა Twitter-ზე ერდოღანის წარმომადგენელმა.
ჟურნალისტის დაკავებას ტელარხ Tele1-ის რედაქტორიც გამოეხმაურა: "მისი დაკავება ღამის 2 საათზე ანდაზის გამო დაუშვებელია, ეს ჟურნალისტების, მედიის, ასევე საზოგადოების დაშინების მცდელობაა" - დაწერა მერდან იანარდაგმა.