20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ღამის კლუბებმა ფუნქციონირება შესაძლოა, 4-5 მარტისთვის განაახლონ

ღამის კლუბებმა ფუნქციონირება შესაძლოა, 4-5 მარტისთვის განაახლონ. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისში კლუბები საქმიანობას მას შემდეგ განაახლებენ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაღმასვლას დაიწყებს.

"როგორც ცნობილია, თბილისის საკლუბო სცენამ, მასში შემავალმა სივრცეებმა და გაერთიანებებმა საქმიანობის კანონიერად გაგრძელების უფლება მხოლოდ 31 დეკემბრის შემდეგ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებების უსაფრთხოდ გამართვის მზაობა ჯერ კიდევ ადრიან შემოდგომაზე გამოვთქვით, საკუთარ სივრცეებში წვეულებების ლეგალურად გამართვის საშუალება, სამწუხაროდ, დეკემბრის ბოლომდე არ მოგვეცა.

ჩვენი მზაობა ეფუძნებოდა საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა-ს მიერ ღია და დახურულ სივრცეებში ჩატარებულ სატესტო კვლევით ღონისძიებებს და ამის საფუძველზე შემუშავებულ სახელმძღვანელოს, რომელიც აღიარებულია თავად ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების მხრიდან. სწორედ აღნიშნულ კვლევაზე დაფუძნებით შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით ვახორციელებდით საქმიანობას როგორც 31-1 დეკემბრის, ასევე 7-8 და 14-15 იანვრის უქმეებზე.

ამ 3 კვირის განმავლობაში, მკაცრად განხორციელებული კარის პოლიტიკისა და შემუშავებული რეგულაციების დაცვით, შევძელით, მინიმუმამდე დაგვეყვანა ჩვენს სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი.
მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ გვსურს უსაფრთხო სივრცის იდეის შენარჩუნება, ვფიქრობთ, Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენით ეპიდემიოლოგიური ვითარება აღარ გვაძლევდა საქმიანობის გაგრძელების საშუალებას. ამიტომ მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება, დროებით კვლავ დაგვეხურა სივრცეები და გაგვეგრძელებინა დაკვირვება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.

ახალი შტამი ომიკრონი ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ზრდის სამედიცინო სექტორის გადატვირთვის რისკს. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რომელზე დაყრდნობითაც ძირითად შემთხვევებში ვხელმძღვანელობთ, მსგავსი ტიპის შტამი მოსახლეობას 45 დღის განმავლობაში მოიცავს, რის შემდეგაც მისი ცირკულაცია იწყებს დაღმასვლას.

შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც პანდემიის დასაწყისში, საკუთარი ნებით და პირველ რიგში, სტუმრებზე მიმართული ზრუნვის მოტივით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით, 14-15 იანვრის უქმეების შემდეგ, გონივრული ვადით შეგვეჩერებინა საქმიანობა.

მაგრამ, მეორეს მხრივ, უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სცენის წარმომადგენლებს აღარ გვაქვს ფუფუნება, რომ კვლავ გაურკვეველი ვადით და უთანასწორო პირობებით ველოდოთ ხელისუფლებისგან შემდგომი გახსნის თარიღებს.

ამიტომ, “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“-მ, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა და არტისტებმა, ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამოცდილებით ეს პერიოდი მოიცავს 45 დღეს და ემთხვევა 2022 წლის 4-5 მარტის შაბათ-კვირას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გააზრებული აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის მნიშვნელობა, და სწორედ ამიტომ, ჩვენს შორის თანამშრომლობა და აღნიშნულ პერიოდში გახსნის პროტოკოლის შეთანხმება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე იქნება დამყარებული, რაც ყოველ მიზეზგარეშე გამორიცხავს ჩვენს მიმართ კიდევ ერთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებას.
ყურადღებით დავაკვირდებით ვირუსის გავრცელების დინამიკას, დავსახავთ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამის გზებს და მოვემზადებით თავისუფალი გახსნისთვის, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული პანდემიის მართვის თანასწორი გეგმის პირობებში, რისი იმედიც გვაქვს. სხვა შემთხვევაში, კვლავ მზად ვართ პრინციპულად, თანმიმდევრულად და სამართლიანად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი სტუმრების უფლებები," - აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის ამბები