20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატებზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების დასახელების შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს.

საკითხზე  სავარაუდოდ დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ - უნდა გაიწეროს კანდიდატების კომიტეტებზე მოსმენის განრიგი, მოგვიანებით კი საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს.

კანონმდებლებმა არჩევანი ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ. ცესკოს წევრობის 4 მსურველიდან კი დეპუტატებმა მხოლოდ ორი უნდა შეარჩიონ.

ცესკოს თავმჯდომარის სრული ვადით ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ნაკლები ხმების შემთხვევაში აგვისტოს მსგავსად, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 6 თვის ვადით შეარჩევენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მოქმედი თავმჯდომარის გამოცდილებას და საქმიანობას დადებითად აფასებს, თუმცა ასევე აცხადებს, რომ გიორგი კალანდარიშვილს ეს უკონკურენტოს არ ხდის. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს აქვს საკმაოდ კარგი წინაპირობები, რაზეც მეტყველებს თუნდაც მისი წინა გასაუბრების დროს გამოვლენილი თვისებები. ამავდროულად, მისი განვლილი პერიოდი ამ თანამდებობაზე მუშაობის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს წამყვანი უპირატესობა აქვს. ჩვენ მოგვიწევს ყველა ლეგიტიმური კრიტერიუმის მიხედვით მსჯელობა,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ პარლამენტს შანსი აქვს, ცესკოს თავმჯდომარედ, თენგიზ თევზაძის სახით დამოუკიდებელი კანდიდატი შეარჩიოს.

"ვფიქრობ, რომ თევზაძის კანდიდატურის სახით საინტერესო შანსი გვაქვს, რომ რეალურად განსხვავებული ავირჩიოთ, ავირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს ამ სისტემურ ლოგიკას, რომლის წინააღმდეგაც უნდა იყოს ნებისმიერი ცესკოს ლიდერი მომართული არა მარტო ახლა, არამედ ყველა შემდეგი ვადით. ვფიქრობ, რომ მინიმუმ შესაძლებლობა იმისა, რომ ასეთი კადრი იქნას შერჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ, უკვე არსებობს,"- აცხადებს  პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები