დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს.
"27 იანვარი ცივილიზებული სამყაროს არსებობის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი სისასტიკის ხსენების საერთაშორისო დღეა. ამ ენით გამოუთქმელი ტრაგედიის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება. ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად,"-წერს სალომე ზურაბიშვილი.
თარიღი აღინიშნება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მემორიალი ბერლინში გერმანიის კანცლერმა და პრეზიდენტმა გვირგვინებით შეამკეს. პანდემიის გამო, ღონისძიებების ნაწილი წელს ისევ ონლაინ გაიმართება.