კორონავირუსის 17 500-მდე ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი - ვირუსის მსხვერპლის რაოდენობა იკლებს, ინფიცირების მაჩვენებელი კი იზრდება.
ქვეყანაში, მარტო ორ დღეში 35 ათასი ახალი ინფიცირებული გვყავს. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში "ომიკრონის" შემთხვევების მასშტაბური მატება ჯერ ისევ მოსალოდნელია და, არ არის გამორიცხული, დღეში 30 ათასს მიაღწიოს.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი უკვე 24%-პროცენტია, რაც ისევ ყველაზე მაღალი მონაცემია პანდემიის დაწყების შემდეგ.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველო მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა და მატების პერიოდი კიდევ 3-5 კვირა გაგრძელდება. კითხვაზე, არის თუ არა რეკოდულად გაზრდილი მაჩვენებლების შემცირების შესაძლებლობა, ექიმები ამბობენ, რომ "ომიკრონის" შედეგების შეჩერების ეფექტური საშუალება მოქალაქეების 80% -ის ვაქცინაციაა.
სპეციალისტები მოსალოდნელ ეპიდემილოგიურ სცენარზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა დღეში 150 - 200 ათასს მიაღწევს, მათგან 5 %-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, ასეთ შემთხვევაში კი კლინიკური სექტორი მაინც გადაიტვირთება და საველე ჰოსპიტლების გამოყენებაც საჭირო გახდება.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკების მხოლოდ 60 % -ია დატვირთული; პედიატრიულ განყოფილებებშიც კი, სადაც ადგილები თითქმის არ იყო, ინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე შესაძლებელია. ჰოსპიტალიზაციის განტვირთვაზე გავლენა ახალმა პროტოკოლმაც მოახდინა - კლინიკაში მხოლოდ ერთ წლამდე პატარები და ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდები მიჰყავთ.
დღეს NDI-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემას მოსახლების 73 % ენდობა. ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოქალაქეების 42% აცრას არ აპირებს, მხოლოდ 25 % ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს.