20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია, მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ - ნონა გაფრინდაშვილი

კალიფორნიის სასამართლომ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამერიკული კინოკომპანია ქართველი მოჭადრაკის მიერ შეტანილი სარჩელის გაუქმებას ითხოვდა. Netflix ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს.

"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.

მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.

გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.

ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი,"-აღნიშნულია მიმართვაში.

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. საქმე ეხება სერიალ "ლაზიერის გამბიტში" წარმოჩენილ ეპიზოდს, სადაც აღწერილია, თითქოს ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია და, ამასთან რუს მოჭადრაკედ არის წარმოჩენილი. გაფრინდაშვილი ამერიკული კომპანიისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

დღის ამბები