გლდანში მომხდარი უბედური შემთხვევის მთავარ მიზეზად, რამაც 1 ოჯახის 5 წევრი იმსხვერპლა, ბინაში გაზის ნამწვის დაგროვება განიხილება.
"სავარაუდოდ, პირველადი დათვალიერებით, რა ვერსიაც იყო გუშინ, იგივე ვერსია დარჩა და ეს ვერსია გაამყარა შსს-ს ექსპერტის დათვალიერებამაც, რაც დროში გაიწელა, მაგრამ გვიან ღამით დამთავრდა. ეს ოჯახი თბებოდა გაზქურის ღუმლით, რომლით გათბობა სასტიკად აკრძალულია. შესაბამისად, ამან გამოიწვია CO-ს დიდი რაოდენობით დაგროვება, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია,"-აცხადებს "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე.
გარდაცვლილი ოჯახი გლდანში ახლობელმა გუშინ აღმოაჩინა, ვარაუდობენ, რომ ისინი CO-თი ინტოქსიკაციით 3 დღის წინ გარდაიცვალნენ.