სპეციალისტები ამბობენ, რომ დელტა შტამთან შედარებით, ომიკრონი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, 75%-ით არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, 91%-ით გარდაცვლილთა რიცხვი და მათ შორის, 50%-ით არის დატვირთული კოვიდ მიმღები განყოფილებები.
თუმცა, ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ ომიკრონი შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი მოსახლეობას იმუნიზაციისკენ, როგორც გართულების თავიდან აცილების გზისკენ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"მუდმივი კონტროლია საჭირო განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში, რომ დაავადება არ გავრცელდეს, არ გამოიწვიოს ბევრი ადამიანის ინფიცირება. თუ დავაკვირდებით, ვის ემტერება ეს ყველაზე მეტად? იმათ ვისაც აქვს ჯანმრთელობის ყველაზე მეტი პრობლემა. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ზოგადად, ჯანმრთელები ვიყოთ და კოვიდმაც ვეღარ გაართულოს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჭიროა ქრონიკული დაავადებების მიმართულებებით დროულად დავიწყოთ პრევენციული ღონისძიებები," - ამბობს ოთარ ჩოკოშვილი.
ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა ბულეიშვილი ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად ეფექტური მართვის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მიიღოს და უმკურნალოს იმ ადამიანებს, რომელსაც ესაჭიროება და არა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ უმნიშვნელო სიმპტომები და იმ ადამიანებს, რომლებთანაც დაავადება მიმდინარეობს შედარებით უფრო სუსტად. ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში ჰოსპიტალური სექტორი დაიზოგება და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ მოვახდინოთ სწორი პირველადი ჯანდაცვის რგოლის მონიტორინგი," - ამბობს მაკა ბულეიშვილი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა რაოდენობას უმკლავდება.