სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემის შესახებ არასწორად ინტერპრეტირებული უწოდა და განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ეს არა ჩუქება, არამედ ვალდებულებაა, რომელსაც კერძო სექტორი გარკვეული მიზნებისთვის იღებს
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აუქციონი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე, ხოლო ტყის მოვლა-სარგებლობის მიზნით მისი იჯარით აღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
"აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით ბრიფინგს, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგეცემათ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. ანუ, კი არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება კი არ არის, ეს არის, პირიქით - ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში, პლუს, სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა.
ეს იყო ღია წესით, აბსოლუტურად გამჭვირვალე ღია აუქციონის პირობებში, კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტილი საიჯარო ხელშეკრულება. რამდენადაც არავინაა პრივილეგირებული, ყველას შეეძლო ამ აუქციონში მონაწილეობა.
გადასახადი არის წელიწადში 5000 ლარამდე, რომელიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, ხაზს ვუსვამ. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზად არის, რომ ის პასუხისმგებლობები იკისროს, რომელიც იქნება მოიჯარისთვის განსაზღვრული.
ეს უფლებები კი არა, ძირითადად, ვალდებულებებია, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით - რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება, შეიძლება იკითხოთ. დღეს ჩვენ მიმდინარე 22 ხელშეკრულება გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების, იმიტომ, რომ შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე განსაკუთრებულ კარგ პირობებში იყოს და კარგად მოვლილი. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მილიონზე მეტი ჰექტრის მოვლა, და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსი აქვს, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რომელიც გვინდა,"- აღნიშნა მინისტრმა.