ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი რამდენიმე დღით მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ, როგორც შრომის უსაფრთხოების ინსპექციის, ასევე კომპანია "საქნახშირის" სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა განაცხადა.
შრომის უსაფრთხოების ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, გამოვლენილია გარკვეული შეუსაბამობები და გასცეს რეკომენდაცია, რომ დროებით დაიხუროს კონკრეტული უბანი და შეწყდეს აფეთქებები, ვიდრე კომპანია არ უზრუნველყოფს, რომ გამოსწორდეს დარღვევები.
რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. როგორც "საქნახშირის" საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ განაცხადა, მუშაობის განახლება კომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული:
"22:10 საათზე მოხდა აფეთქება. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. დროებით შეჩერებულია შახტში მუშაობა, დანარჩენი დამოკიდებულია კომისიის დასკვნაზე," - აღნიშნა სოცკიმ.
ადგილზე იმყოფება ტყიბულის მერი, მისი თქმით, ყველას ინტერესში მოხდეს ობიექტური გამოძიება და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაშავებულების მდგომარეობა.