20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სავალდებულო გახდება

მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სამშენებლო კომპანიებისთვის სავალდებულო გახდება.

აღნიშნულს ითვალისწინებს "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

"კოდექსში შემოდის გამწვანების პროექტის განმარტება, რაც გულისხმობს მშენებლობის ტერიტორიაზე გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტს, რომლის წარდგენის ვალდებულება დეველოპერს და ზოგადად მშენებლობის განმხორციელებელს ექნება, როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ეტაპზე, ასევე მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენისა და მშენებლობის ნებართვის პროექტის წარდგენის ეტაპზე. მისი შესრულება, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულება, სავალდებულო იქნება მშენებლობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე,"- განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მომხსენებლის განცხადებით, ქალაქ თბილისის კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება 3 წლის წინ განხორციელდა, მშენებლობის ნებართვისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში აუცილებელი გახდა ე.წ. გამწვანების კოეფიციენტის დეტალური აღწერისა და გამოყენების სქემის შემოღება. ბითაძის თქმით, თუ ადრე K-3 კოეფიციენტი გულისხმობდა თავისუფალ სივრცეს, რომელიც მეტწილად ავტოსადგომების მოსაწყობად გამოიყენებოდა, დღეს ეს სივრცე უკვე გულისხმობს დენდროლოგიური პროექტის წარდგენას შემდგომი მოვლა-პატრონობით.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები