პანდემიის პირობებში საქართველომ მორიგი დახმარება მიიღო. ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-თან ბრძოლის მიზნით, ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს.
სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და COVID-19 ზეგავლენის შემცირება.
ინვენტარს შორისაა - 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, ორი ათასი პულსის ოქსიმეტრი და სხვა მოწყობილობები, რომლითაც, ძირითადად, სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება.
ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უწევს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი კარლ ჰარცელის თქმით, აპარატურა ხელს შეუწყობს, რეგიონალურ ამბულატორიებსა და საავადმყოფოებს, მართონ მსუბუქი და ზომიერი შემთხვევები.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, რათა გადავცეთ ახალი სამედიცინო აღჭურვილობა იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გაუმკლავდეს კოვიდს. პანდემიასთან ბრძოლის განმავლობაში 4 მილიონ ევროზე მეტი დახმარება იყო გაცემული საქართველოსადმი გაცემული ევროკავშირის მხრიდან. აპარატურა ხელს შეუწყობს, რეგიონალურ ამბულატორიებსა და საავადმყოფოებს, მართონ მსუბუქი და ზომიერი შემთხვევები,"- ამბობს ჰარცელი.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მდგრადი, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გაძლიერდება ტელემედიცინის შესაძლებლობები და თითოეულ პაციენტს თანაბარი წვდომა ექნება ჯანდაცვის სერვისებზე. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას.