20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ სპეკულირებისგან - პენიტენციური სამსახური​

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ექიმებს 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან," - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ განცხადებაში.

დღის ამბები