უკრაინელი ხალხი და სრულიად მედია ისტორიული განაჩენის მოლოდინშია. რამდენიმე საათში მოსამართლე გამოიტანს განაჩენს 21 წლის სერჟანტის, ვადიმ შიშიმარინი წინააღმდეგ. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუს სამხედროებთან ერთად, ჯერ სუმის ოლქში შეიჭრა, შემდგომ კი სამოქალაქო პირებზე თავდასხმა განახორციელა. სწორედ ამ ბრალდებით ზის ის ახლა განსასჯელის სკამზე. როგორც ცნობილია, 28 თებერვალს მან და მისმა თანამებრძოლებმა ჯერ მოიპარეს რიგითი მოქალაქის ავტომობილი, ამის შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეს. მოწმეთა დაკითხვის პროცესი უკვე დასრულებულია.
მოწმეებს შორის იყვნენ მისი თანამებრძოლები, რომელებიც ამ დროისთვის არიან ტყვეთა ბანაკში, ასევე გამოიკითხა და დაღუპული 62 წლის მამაკაცის მეუღლე. ის ამბობდა სასამართლო დარბაზში, რომ ჰქონდა სურვილი ახალგაზრდა მამაკაცი სამუდამოდ დარჩენილიყო საპატიმროში, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის ტყვეთა გაცვლის პროცესი, ამიტომ მან ითხოვა, თუ იქნებოდა შესაძლებელი ეს პირი გაეცვალათ აზოვის ბატალიონის წევრებში.
სასამართლოს სხდომა დაიწყება ერთ საათში, რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება მოსამართლის გადაწყვეტილება. ეს არის პირველი საქმე, რომელსაც უკრაინის სასამართლო განიხილავს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ და ვადიმ შიშიმარინი არის პირველი პირი, რომელიც არის ომის დანაშაული საქმეზე დაკავებული.