20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან ძმებ კაკულიებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ - ადვოკატი

ძმებ გუგა და დათო კაკულიებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ, მათ უკვე შეხვდა უფლებადამცველი. 

ადვოკატი, გიორგი ანთაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფების კავშირს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან გამორიცხავს. კონკრეტულად, საუბარია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ასევე რამდენიმე დღის წინ, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე, რა დროსაც სროლის შედეგად, ორი ახალგაზრდა დაჭრეს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. მისი თქმით, დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი სავარაუდოდ სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

"მათი საუბრიდან გამომდინარე, ერთადერთი რაც ე.წ. ჩადების ფაქტს შეიძლება დადებითი ჰქონდეს, შეიძლება ის იყოს, რომ საზოგადოება, ხალხი, ჟურნალისტები დაინახავენ, რომ აღნიშნულ საქმეებთან კაკულიებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. უშუალოდ დაკავებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ, რასაც ედავება ბრალდების მხარე, იმასთან დაკავშირებით პრეტენზიებიც აქვთ და უფრო მეტიც.

მე როგორც განმიმარტეს, დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა მათი დაკავება, თუმცა რატომღაც, დილის 08:00 საათამდე ოჯახის წევრებს არავინ არ დაკავშირებია,  რატომ ჰყავდათ ამ პერიოდში გაჩერებული, ჩემთვის უცნობია", - აცხადებს გიორგი ანთიძე.  

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ძმები თბილისში ნაქირავებ ბინაში,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

დღის ამბები